Friday, June 22, 2012

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის30 დეკემბრის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედის: სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (მუზეუმი ღია ცის ქვეშ), შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (ფილიალები: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი), საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა),სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი. ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ქვეყნის წამყვანი მუზეუმების ეროვნულ მუზეუმში გაერთიანების მიზანია ჩამოყალიბდეს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სამუზეუმო გაერთიანება, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამეცნიერო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის კომპლექსურად, ეფექტურად წარმართვა და კოლექციების შენახვის, მართვისა და უსაფრთხოების ზედმიწევნით უზრუნველყოფა. ეროვნულ მუზეუმში შემავალი მუზეუმებიდან ყველაზე ძველი, — ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა 1852 წელს, როგორც რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი. 1919 წლამდე მას კავკასიის მუზეუმი ეწოდებოდა. აქ თავმოყრილია მილიონ-ნახევრამდე ექსპონატი, რომელიც ასახავს საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბუნებას, ქართველი და კავკასიის სხვა ერების ყოფას და კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია პეტროგრაფიული, პალეონტოლოგიური, ფლორისტული და ფაუნისტური კოლექციები; უმდიდრესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სამონეტო განძი; XIX და XX საუკუნეების ფოტომასალა. 2004 წლიდან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორია პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. გამოფენები პალეონტოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოში აღმოჩენილი განამარხებული ცხოველები, ასევე, დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათრილი "პირველი ევროპელების" - ევრაზიაში მცხოვრები უძველესი ადამიანების (Homo Ergaster) ძვლოვანი ნაშთები, რომელთა ასაკი 1,8 მილიონ წელს აღწევს. წინაფეოდალური ხანისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპოზიციები ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ნივთიერი კულტურის განვითარების ისტორიას ქვის ხანიდან XVIII საუკუნებდე. მოქმედებს XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი გამოფენა. ეთნოგრაფიული გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველთა ტრადიციული საცხოვრისი, ავეჯი, ტანსაცმელი, სამკაული და იარაღ-საჭურველი. ლაპიდარიუმში ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები გვერდით გამოფენილია საქართველოში აღმოჩენილი არამეული, ბეძნული, ებრაული, სომხური და არაბული წარწერები, ურარტული წარწერბის კოლექცია კი ერთ-ერთი უმდიდერესია მსოფლიოში.მუზეუმის საგანგებო საცავში გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კახეთსა და თრიალეეთში (ძვ. წ III-II ათასწლ.) ვანსა და ახალგორში (ძვ. წ. V-IV სს.), მცხეთაში, ზღუდერში, ჟინვალსა და ურეკში (I-IV სს.), დმანისში (XIII ს.) და სხვ. აღმოჩენილი ოქრომჭედლობის უნიკალური ნივთები. აქვს წარმოდგენილია საქართველოში მოჭრილი და უცხოური მონეტების ყველა ტიპი, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მიმოიქცეოდა საქართველოში.

მეტროპოლიტენის ხელოვნების

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი - მეტი (Metropolitan Museum of Art) მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმთაგანია, მდებარეობს მანჰეტენზე ცენტრალური პარკისდასავლეთ კუთხეში, ნიუ-იორკი, აშშ. მას ასევე ეკუთვნის შენობათა კომპლექსი “კლასტერები” ფორტ ტრიონის პარკში ჰუძონის პირას მანჰეტენის კუნძულის ჩრდილოეთ ბოლოში და მასში შუასაუკუნეების ხელოვნებაა განთავსებული. მუზეუმი გაიხნა 1872 წლის 20 თებერვალს. მისი დამფუძნებელი სუპერინტენდანტი იყო გამომცემელი ჯორჯ პალმერ პატნემი. მუზეუმის ამჟამინდელი (2005) დირექტორია ფილიპ დე მონტებელო. მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას. მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური (დენდურის ტაძრის ჩათვლით), აფრიკული, აზიური, ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშებს. აქვე არის ცნობილი ისტორიული ინტერიერების რეპროდუქციები, ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის განთქმულ ამერიკელ არქიტექტს ფრანკ ლლოიდ ვრაიტს. იარაღისა და საჭურჭლეველის განყოფილებაში თავმოყრილია ანტიკური იარაღის ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ევროპიდან, იაპონიიდან, ახლო-აღმოსავლეთიდან და ამერიკიდან. 1969 წელს ბანკირი რობერტ ლემანის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძით მუზეუმმა მიიღო დაახლოებით 3.000 ხელოვნების მინუში, რომელიც გამოფენილია “რობერტ ლემანის ფრთაში” და ითვლება ყველაზე ექსტრაორდინალურ კერძო კოლექციად, რომელიც კი ოდესმე შეუგროვებიათ აშშ-ში. პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემამ შეაგროვა ამ მასიური კოლექციის დოკუმენტაცია და გამოუშვა მრავალტომიან წიგნად “რობერტ ლემანის კოლექციის კატალოგები”. მეტის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ძვირი შენაძენია დუჩის “მადონა ყრმით”, რომელიც მას $45 მილიონი დაუჯდა. ფერწერული ტილო ზომით მხოლოდ 8x11 დიუმია.სოლომონ გუგენჰაიმისა და უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმებიც მეტის შენობის ახლომახლო მდებარეობს ე. წ. მუზეუმის მილზე (Museum Mile).

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი

ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. Kunsthistorisches Museum) ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში. მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან (Naturhistorisches Museum) ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე. ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით. რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული. შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შტუკოს ორნამენტებით, ოქროთი მოვარაყებული და მოხატული, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის. მუზეუმის კოლექცია მუზეუმის ძირითადი კოლექცია ჰაბსბურგთა ქონებაა, განსაკუთრებით ფერდინანდ ტიროლელის პორტრეტთა და საჭურვლის კოლექციები, იმპერატორ რუდოლფ II-ის კოლექციები, და ასევე არქიეპისკოპოს ლეოპოლდ ვილჰელმის ფერწერულ ტილოთა კოლექცია. ნახატთა გალერეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: იან ვან ეიკი: "კარდინალი ნიკოლო ალბერგატი", 1438. ალბრეხტ დიურერი: "სამების გაბრწყინება", 1511. ჯუზეპე არკიმბოლდო: "ზაფხული", 1563. მიქელანჯელო მერისი და კარავაჯიო: "როზენკრანცის მადონა", 1606. "ეკლის გვირგვინით შემოსვა". "დავით გოლიათის თავით". პეტრე პავლე რუბენსი: "ილდეფონსოს საკურთხეველი", 1630. რაფაელი: "მადონა მწვანეში", 1506. იოჰანეს ვერმეერი: "ხელოვანი საკუთარ სტუდიაში", 1665. პიტერ ბრიუგელ უფროსი: "ბაბილონის გოდოლი", 1563. მუზეუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სკულპტურა, ბენვენუტო ჩელინის "სალიერა" 2003 წლის 11 მაისს მოპარულ იქნა. ქანდაკება 2006 წლის 21 იანვარს ახლომდებარე ქალაქ ზვეტლთან ტყეში ყუთში დამარხული იპოვეს. ეს ავსტრიის ისტორიაში უდიდესი ხელოვნების ნიმუშის მოპარვა იყო.

ბრიტანეთის მუზეუმი

კაცობრიობის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი უზარმაზარი მუზეუმი თავს უყურის ხელოვნების ნიმუშებს მსოფლიოს უამრავი ადგილიდან. ეს მუზეუმი, ლუვრის შემდეგ, მსოფლიოში მეორე მუზეუმადაა აღიარებული. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, აქ შესვლა უფასოა! ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში გაერთიანებულ სამეფოშო, ისევე როგორც მსოფლიოში, ადამიანის ისტორიისა და კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ბლუმსბერი, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას. ბრიტანეთის მუზეუმში ინახება შვიდ მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება გამოსაფენი ადგილის უკმარისობის გამო.

უფიცი

გალერეა უფიცი (იტალ. Galleria degli Uffizi, სიტყვასიტყივთ — «კანცელარიის გალერეა») — სასახლე ფლორენციაში, აგებული 1560-1581 წლებში და ამჟამად ევროპული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. უფიცის ისტორია იწყება 1559 წელს, როდესაც ფლორენციის მმართველმა კოზიმო I მედიჩიმ ქალაქის ყველა ადმინისტრაციული სამსახურის გაერთიანება ერთ ვრცელ სასახლეში ჩაიფიქრა. პროექტის რეალიზაციისთვის მოიწვიეს ხელოვანი ჯორჯო ვაზარი, რომელმაც მუშაობა 1560 წელს დაიწყო. თუმცა 1574 წელს ვაზარი გარდაიცვალა და სამუშაო მისმა მოწაფემ ბერნარდო ბუონტალენტიმ დაასრულა. 1575 წელს უფიცის შენობაში დაიწყო მუზეუმის ჩამოყალიბება. მისი საფუძველი მედიჩის საოჯახო კოლექცია გახდა. მუზეუმის კოლექცია იზრდებოდა მედიჩის დინასტიის დაცემის შემდეგაც. ამჟამად ის მოიცავს ისეთ იტალიელ ხელოვანთ შედევრებს, როგორებიცაა ჯოტო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ჯორჯონე,ტიციანი, უჩელო, ფრა ფილიპო ლიპი, ჩიმაბუე, პიერო დელა ფრანჩესკა და სხვანი. აქვეა ანტიკური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური და ფლამადრიულიხელოვნების ნიმუშებიც.

ეგვიპტის მუზეუმი

ეგვიპტური ანტიკურობის მუზეუმი, ან შემოკლებით ეგვიპტის მუზეუმი კაიროში, ეგვიპტე, ფარაონთა პერიოდის ანტიკური ნიმუშების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექციაა მსოფლიოში. მუზეუმის კოლექციაში არსებული ასობით ათასი ხელოვნების ნიმუშისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთიდან გამოფენილი მხოლოდ 136.000 საგანია. მუზეუმის წინამორბედი ეგვიპტის მთავრობის მიერ 1835 წელს დაფუძნდა, როგორც ეგვიპტური ანტიკური ნიმუშების სამსახური, რათა შეეზღუდათ უძველესი ისტორიული ნივთების ძარცვა არქეოლოგიური გათხრების ადგილებიდან. თავად მუზეუმი გაიხსნა 1858 წელს ფრანგი არქეოლოგი აუგუსტ მარიეტის მიერ შეგროვებული კოლექციით. კოლექცია 1880 წლიდან ისმაილ ფაშას სასახლის ფლიგელში იყო გამოფენილი, 1900 წლიდან კი მუზეუმის ამჟამინდელ ნეკლასიკური სტილის შენობაში გადმოვიდა თაჰრირის მოედანზე, ქაიროს ცენტრში. კოლექციის მთავარი ნაწილია ფარაონი ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნიმუშები. ეს სამარხი თითქმის ხელუხლებად იპოვა ჰოვარდ კარტერმა მეფეთა ხეობაში 1922 წელს. მუზეუმის სამეფო მუმიათა ოთახი, რომელშიც ფარაონთა ეპოქის 27 სამეფო მუმია ინახება, პრეზიდენტ ანვარ სადათის ბრძანებით 1981 წელს დახურულ იქნა. 1985 წელს ოთახი ისევ გაიხსნა ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მუმიათა უმრავლესობას ფარდა აქვს აფარებული.

ერმიტაჟი

ეს არის მუზეუმი რომელიც 19 საუკუნიდან დღემდე არსებობს.მდებარეობს რუსეთში ქალაქ სანკტ-პეტერბურგში… ერმიტაჟის მუზეუმი (რუს. Эрмитаж, ფრანგ. “განმარტოების ადგილი”) — პეტერბურგში, რუსეთი, ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეა მსოფლიოში. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც უწინ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია გახლდათ. ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია – მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები. ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნის საქმე ევროპაში 250 ფერწერული ტილოს შესყიდვით წამოიწყო 1764 წელს. ამავე დროს რესეთის ელჩებს უცხოეთის ქვეყნებში დაევალათ შეეძინათ საუკეთესო კოლექციები, რომელთა ყიდვაც კი შეიძლებოდა, რომელთა შორის იყო: ბრულის კოლექცია საქსონიაში, კროზატისა საფრანგეთში და ვალპოლის გალერეა ინგლისში. ეკატერინე საკუთარ მხატვრულ გალერეას უწოდებდა “ჩემს ერმიტაჟს”, ვინაიდან ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაიშვებოდა მასში მოთავსებული სიმდიდრის დასათვალიერებლად. ერთ-ერთ საკუთარ წერილში მან აღნიშნა კიდევ, რომ “მხოლოდ თაგვებს და მე შეგვიძლია ყოველივე ამით დატკბობა”. თანდათანობით საიმპერატორო კოლექცია გამდიდრდა სამხრეთ რუსეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ბერძნული და სკვითების კულტურის რელიქვიებით. ამგვარად დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი უძველესი ოქროს კოლექცია, რომელიც ამჟამად შეიცავს ტროის განძის უდიდეს ნაწილსაც, აღმოჩენილს ჰაინრიხ შლიმანის მიერ, რომელიც წითელმა არმიამ 1945 წელს ბერლინის მუზეუმიდან გაიტანა. მუდმივად მზარდი ბერძნული, რომაული და ეგვიპტური ანტიკვარიატის კოლექციების მოსათავსებლად ნიკოლოზ I-მა დაიქირავა იმ დროისთვის მოდური გერმანელი არქიტექტორი ლეო ფონ კლენცე სახალხო მუზეუმისთვის შენობის პროექტის შესაქმნელად. სახელწოდებით „ახალი ერმიტაჟი“ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა 1852 წელს და სვარაუდოა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ეს იყო პირველი სპეციალურად ამ მიზნისთვის აგებული ხელოვნების გალერეა. რესეთის მეფეები შემდგომშიც აგრძელებდნენ ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშების შეძენას და ამგვარად მუზეუმს შეემატა ლეონარდო და ვინჩის, იან ვან ეიკის და რაფაელის რამდენიმე ნამუშევარი იტალიიდან. ერმიტაჟის რემბრანდტისეული კოლექცია დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში უდიდესად ითვლებოდა. მის ხარისხს დღესაც ბადალი არა აქვს. რევოლუციის დროს საიმპერატორო ერმიტაჟი სახალხო ქონებად გამოცხადდა. კერძო მხატვრული კოლექციების ნაციონალიზებასთან ერთად ერმიტაჟის ექსპონატთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. განსკუთრებით აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე ხელოვნების კოლექციების დამატება, როგორიც იყო სერგეი შუხინი და ივან მოროზოვი. გვიანდელ მონაპოვართა სიაშია გოგენის გვიანდელი ნამუშევრები, პიკასოს უამრავი კუბისტური ქმნილება და თანამედროვე საბჭოთა მთავრობა “ბურჟუაზიულ და დეკადენტურ” ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. სტალინის ბრძანებით ერმიტაჟის რამდენიმე უძვირფასესი ექსპონატი საზღვარგარეთ იქნა გაყიდული. მათ შორის იყო რაფაელის “მადონა ალბა”, ტიციანის “ვენერა სარკით” და იან ვან ეიკის “სახარება”. შესყიდულ იქნა რა ენდრიუ მელონის მიერ, ეს ნამუშევრები ამჟამად ვაშინგტონის ეროვნული სამხატვრო გალერეის ძირითად ბირთვს ქმნიან. ამას მოჰყვა სხვა შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანი დანაკარგი: ათასობით ნამუშევარი ერმიტაჟიდან გადატანილ იქნა პუშკინის მუზეუმში მოსკოვში და საბჭოთა კავშირის სხვა მუზეუმებში. ერმიტაჟის ისტორიაში ტრაგიკული პერიოდი დასრულდა 1945 წელს. ამ დროს მთავრობამ სცადა ადრინდელი დანაკარგები წითელი არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშებით შეევსო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ბიზნეს ელიტის კერძო კოლექციებიდან წამოღებული იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების უძვირფასესი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები 1995 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, მუზეუმმა მხოლოდ ამ დროს გამოიტანა ისინი სახალხოდ. გერმანიის საზოგადოებრიობის არაერთხელ მიმართვის საპასუხოთ რუსეთის მთავრობის განცხადებით ეს სულ მცირე კომპენსაციაა იმ ზარალისთვის, რაც გერმანიის აგრესიას მოჰყვა, მათ შორის პეტერჰოფისა და ცარსკოე სელოს თითქმის სრული განადგურება. ბოლო წლებში ერმიტაჟი გაფართოვდა და ახლომდებარე გენერაული შტაბის შენობა აითვისა. მუზეუმმა აგრეთვე რამდენიმე ამბიციურ წამოწყებას მოჰკიდა ხელი, მათ შორის: გუგენჰაიმის ერმიტაჟის მუზეუმი ლას ვეგასში, ერმიტაჟის დარბაზები ლონდონის სომერსეტის სახლში, და ერმიტაჟ-ამსტერდამი ყოფილ ამსტელჰოფში, ამსტერდამი. ერმიტაჟს მიეძღვნა “რუსული არკა” – მუზეუმის დარბაზებში ერთი გავლით გადაღებული ისტორიული-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ზამთრის სასახლის 300 წლიანი ცხოვრების ეპიზოდების (სასამართლო სხდომების, წვეულებებისა და ოჯახური ცხოვრების სცენები) ფრაგმენტებია ნაჩვენები.

ლუვრის მუზეუმი

ლუვრის მუზეუმი ლუვრის ისტორია იწყება 1200 წლიდან , მაშინ როდესაც მეფე ფილიპ-ოგუსტმა მდინარე სენასთან ახლოს თავდაცვის მიზნით ციხე-სიმაგრე ააშენებინა. თავიდან ამ ნაგებობას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ძვირფასეულობის და არქივის შესანახად. XIV-საუკუნეში ,შარლ V , ბრძენად წოდებულმა ამოირჩია ეს ნაგებობა საცხოვრებლად და ააშენა ცნობილი ბიბლიოთეკა რომლის ზედმეტი სახელითაც შევიდა ეს შენობა ისტორიაში. მისი მეფობის შემდეგ იქ არ უცხოვრია არცერთ მეფეს 1546 წლამდე.ამ წელს კი ფრანსუა I-მა არქიტექტორ პიერ ლესკოს დაავალა რენესანსის ეპოქისათვის შესაფერისი სასახლე აეშენებინა. ამგვარად დაინგრა ძველი ციხე-სიმაგრე და ააგეს ახალი.მშენებლობა გაგრძელდა ანრი II-დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვრივმა(დედოფალმა)კატრინ მედიჩმა მშენებლობა გადააბარა ფილიპ დელორმს,რომელსაც ასევე ტუილრის სასახლის აშენება და ლუვრთან მიერთება დაევალა. მშენებლობა გრძელდებოდა ანრი IV, ლუიXIII, და ლუი XIV ეპოქაში,მაგრამ 1682 წლიდან სამეფო დინასტია გადავიდა ვერსალში და მიტოვებული სამუშაოები იმდენად განადგურდა,რომ მისი დანგრევაც კი დადგა დღის წესრიგში. შეიძლება ითქვას,რომ 1789 წლის 6 ოქტომბრის მანიფესტაციის მონაწილეებმა,რომელთაც ვერსალს მიაშურეს პროტესტის ნიშნად, გადაარჩინეს ლუვრი, რადგანაც სამეფო კარი კვლავ ლუვრში დაბრუნდა საცხოვრებლად. რევოლუციის შემდეგ ნაპოლეონის და ნაპოლეონ III პერიოდში გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები.ამ დროისათვის ლუვრში უკვე ინახებოდა რამდენიმე მეფის მიერ მოგროვებული ხელოვ- ნების საუკეთესო ნიმუში. 1793 წლის 10 აგვისტოს იგი პირველად გაიხსნა როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ სამშობლოში მოჰქონდა. დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახება მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიფტის ბერძნული, რომაული,ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვე ნიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი "გამჭვირვალე პირამიდის" სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქციას ასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ. მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმი-ლუვრი.

მუზეუმი

მუზეუმი (ბერძ. μουσείο[ν] - მუზათა ტაძარი), როგორც წესი, საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია და ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. მუზეუმი შესწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისთვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოჰფენს ადამინთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას. მუზეუმები გალერიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, ფინანსური მოგებისთვის არ არსებობენ. მუზეუმი შეიძლება იყოს სამთავრობო, არა-სამთავრობო ან არა-მომგებიანი, და ასევე კერძო ან საოჯახო. თანამედროვე მუზეუმები გარკვეულ ობიექტზე არიან კონცეტრირებული, და მათი უმრავლესობა შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს ეკუთვნის ხოლმე: სახვითი ხელოვნება, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია,ისტორია, კულტურის ისტორია, მეცნიერება, ტექნოლოგია, ბუნებისმეტყველება. ამ კატეგორიებში შეიძლება უფრო სპეციალიზირებული მუზეუმები არსებობდეს, მაგ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, ადგილობრივი ისტორიის, ავიაციის ისტორიის, სასოფლო-სამეურნეო ან გეოლოგიის მუზეუმები. მათში, როგორც წესი, არის გამოფენილი ან შენახული მოცემული სფეროს მნიშვნელოვანი ნიმუშები. ეს ნიმუშები კატეგორიზებულია და რეგისტრირებულია მუზეუმის კოლექციაში ნიმუშის ნომრით და მის წარმოშობასა და მნიშვნელობაზე დეტალური ჩანაწერი არსებობს. ადამიანებს, რომლებსაც ეს კოლექციები და გამოფენები ევალებათ კურატორებსუწოდებენ.ღია-ცისქვეშა მუზეუმები აგროვებენ და თავიდან აგებენ ძველ შენობებს იმ დროისთვის შესაფერისი ბუნებრივი გარემოს შეხამებით. პირველი ასეთი გარე მუზეუმი იყო მეფე ოსკარ II-ის კოლექცია ოსლოსთან, ნორვეგია, რომელიც 1881 წელს გაიხსნა. 1891 წელს ართურ ჰაზელიუსმა სტოკჰოლმთან დააფუძნა ცნობილი სკანსენი, რომელიც შემდგომში მოდელი გახდა ამგვარი გარე მუზეუმებისთვის ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი დანარჩენ მსოფლიოში. გარე მუზეუმთა უმრავლესობა მდებარეობს ისეთ რეგიონებში, სადაც ისტორიულად ხის არქიტექტურა ბატონობდა, ამასთან ხის სტრუქტურების გადატანა შედარებით ადვილია მისი თავდაპირველი ღირებულების დაურღვევლად. საქართველოში ასეთი მუზეუმის მაგალითიათბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარე ვაკის პარკში. შედარებით მოგვიანებით (პირველად საფრანგეთში) გაჩნდა ასევე ეკომუზეუმები. არსებობს ასევე მუზეუმ-ქალაქები (მაგ. მცხეთა) და ღია-ცისქვეშა მუზეუმები იმ ადგილას სადაც ადრე ისტორიული ქალაქები ფუქნციონირებდნენ. მაგ. ოლიმპიის არქეოლოგიური მუზეუმი ისტორიულ ქალაქ ოლიმპიის ადგილას საბერძნეთში. ზოგი მუზეუმი ახერხებს ისტორიული ქალაქების ნარჩენების შეგროვებას და მისგან ამ ქალაქის ფრაგმენტების ხელახლა აშენებას მუზეუმის ტერიტორიაზე.